Tuesday, June 14, 2011

saqartvelos "witeli wigni"

ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 "ცხელ წერტილს". მათ შორის ერთ-ერთი კავკასია, კერძოდ, საქართველოა. კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.

საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სამი რიგის - მტაცებლების, წყვილჩლიქოსნების, ვეშაპისნაირების - 30 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრების ოთხი რიგის 79 სახეობა: მწერიჭამიები - 10 სახეობა, ხელფრთიანები - 29 სახეობა, მღრღნელები - 39 სახეობა და კურდღლისნაირები - 1 სახეობა. საქართველოში გვხვდება ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა. მიგრირებადი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და დასაზამთრებელი ადგილებია კოლხეთის დაბლობი და ჯავახეთის ზეგნის ტბების სისტემა. აქ ასევე გავრცელებულია ქვეწარმავლების 50-ზე მეტი სახეობა. ამფიბიებიდან გავრცელებულია მხოლოდ 12 სახეობა. მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. ენდემურობითა და მრავალფეროვნებით ასევე გამოირჩევა საქართველოს უხერხემლოთა ფაუნაც.

საქართველოს ფლორის შემადგენლობაში შედის, მარტო ჭურჭლოვან მცენარეთა, 4100-ზე მეტი სახეობა, საიდანაც დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია.

ძალიან სამწუხაროდ, საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად კავკასიის, ბიომრავალფეროვნება უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება. ტყეების უმეტესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის ზემოქმედების შედეგად. მაღალ მთაში გადაჭარბებული ძოვების გამო, თითქმის განადგურებულია ბუნებრივი მცენარეული საფარი და მიმდინარეობს ეროზიის პროცესი. ბუნებრივი მცენარეული საფარი შემორჩენილია თავისი ისტორიული არეალის მხოლოდ მცირეოდენ ნაწილში. საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსების გადამეტებული მოპოვება, მდინარეებისა და წყალჭარბი სავარგულების დაბინძურება. შედეგად, ადგილი აქვს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას - ყველაფერს ერთად კი მივყავართ ბიომრავალფეროვნების განადგურებისკენ.

ამ სავალალო მდგომარეობის შედეგია, რომ საქართველოს ფაუნიდან 141 სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში. აქედან:

- 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)
- 32 სახეობას - საფრთხეში მყოფი სტატუსი (EN)
- 5 სახეობას - ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი (RE), ხოლო
- 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია (VU).

საქართველოს ფლორიდან 56 სახეობაა შეტანილი წითელ ნუსხაში, საიდანაც:

- 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის (VU) სტატუსი
- 18 სახეობას საფრთხეში მყოფის (EN) სტატუსი, ხოლო
- 2 სახეობას კი კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)

No comments:

Post a Comment